“წითელი ჭირი” – პაციენტი N4067-ის დღიური თვითიზოლაციიდან – ნაწილი 1


“ერთი სახის ტყვეობის მეოხებით მეორენაირი ტყვეობის წარმოსახვა ისევე გონივრულია, როგორც რაიმე რეალურად არსებულის წარმოდგენა არარსებულის მეშვეობით”.

დანიელ დეფო

აქამდე წერაზე უარს ვამბობდი, თითქმის მივიწყებული უნარი იყო, ვცდილობდი თავი შემეკავებინა კვალის დატოვებისგან, იმ ემოციების და იმ ტერორის რასთან თანაარსებობაც საქართველოში ყოველდღიურად მიწევს. ბრძოლა ჰომოფობიასთან, ბრძოლა შიდსის სტიგმასთან, ბრძოლა ინფექციონისტებთან, ბრძოლა “ენჯეოშნიკებთან”, სახელმწიფოს და ეკლესიას აღარც ვახსენებ…

ახლა დრო დადგა, ჟამიანობის. დრო გამოცდილებების გაზიარების, დრო ურთიერთსოლიდარობის, დრო ჭირთან თანაცხოვრების.

ვინაიდან ვართ ამ სამყაროში ადამიანები ვისთვისაც თვითიზოლაცია ბავშვობიდან გადარჩენისთვის აუცილებელი დასწავლილი ჩვევაა და ეს მდგომარეობაც ორგანულია: ბულინგის მსხვერპლი ბავშვებისთვის, ტრანსგენდერი ქალებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის, მარტოხელა დედებისთვის, მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის, პენსიონერებისთვის და მრავალთა და მრავალთა. მოგვისმინეთ!

არც პანდემიაა ახალი მოვლენა ჩვენთვის, არც ვაქცინის არ არსებობა, არც მეცნიერების უძლურება მედიკამენტის შესაქმნელად, რომელიც საშიშ დაავადებას განკურნავდა. რომლის მსხვერპლნი იყვნენ მრავალნი და მრავალნი… შიდსი 80 იან წლებში დაფიქსირდა ადამიანებში, 35 მილიონი უკვე იმსხვერპლა. 40 წელი გავიდა, არც ვაქცინა არსებობს, არც მედიკამენტები რომლებიც განგვკურნავდა. ვცხოვრობთ, ვცოცხლობთ.. ეკონომიკაც არავის გაუჩერებია შიდსის ეპიდემიის შესაჩერებლად, ის ხომ გეებში და ნარკომომხმარებლებში გავრცელდა თავდაპირველად ….

არც აივ/შიდსია ისეთი სახადი ორი კვირა დიარეა, მაღალი სიცხე, სუნთქვის გართულებები და ჯანმრთელობის პრობლემების არ არსებობის ფონზე თვითგანკურნება რომ ახასიათებდეს. ამ ვირუსთან თანაცხოვრება მრავალმა მილიონმა ვისწავლეთ. მოგვისმინეთ!

2013 წლის 17 მაისს გადარჩენილებსაც გვეთქმის ორიოდ სიტყვა ბოროტების იმ მანქანაზე რასაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქვია. რომელმაც ჯერ ეგზალტირებული ბრბო ხალხის ასაკუწად ტაბურეტმომარჯვებული დარაზმა. ახლა, აპოკალიპტური ბოდვებითა და გაკერპებული მამონას, პატრიარქად რო მოიხსენიებენ სიზმრების საფუძველზე კოლექტიურ მსხვერპლშეწირვას უპირებენ, ხალხს, მათსავე მრევლს, ასაკოვან ადამიანებს, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს, ადამიანებს რომლებიც ღმერთს დაეძებენ და ეშმაკთან მიდიან აღსარების ჩასაბარებლად, როგორც ვარლამ არავიძე მიდის ფილმში “მონანიება”.

მონანიება – რეჟისორის თენგიზ აბულაძე (1984)

იქ, ადამიანთა სიცოცხლე არაფრად ფასობს. იქ ყველაფერი ფულზე იყიდება. იქ ხვალ ტყეებს უფეშქაშებს სახელმწიფო ზვარაკად, მამონას ტაძარს.

ქვეყანაში სადაც ლეღვის ნახარშით დამწრობები ნორმაა, მოქალაქეთა გონიერების იმედად დაგვტოვა, პრემიერ მინისტრმა. რომელმაც პონტოელი პილატესავით ხელები დაიბანა და ნაბანი წყალი მის ხალხს შეასხა. ხალხს რომელმაც ბევრი არაფერი უწყის და საბჭოთა პროპაგანდით აქვს თავი განსწავლული. ადამიანი რომელიც მზად არის თვალები დაგვთხაროს რუსი კომუნისტის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე მოკალათებით აღშფოთებულ ახალგაზრდებს, თავად პაშინიანისთვის ნაჩუქარი ლეკვივით წკავწკავებს ეკლესიასთან და მის “საჭეთმპყრობელთან. ქვეყანაში სადაც თეოკრატია რეალური საფრთხეა და როდის ჩაიგდებს პოლიტიკურ ძალაუფლებას ჭკუიდან შეშლილთა ეს ბრბო არავინ უწყის, პრემიერ მინისტრმა ხელები დაიბანა.

ჯანდაცვის მინისტრმა თავდაჯერებულმა განგვიცხადა ქვეყანაში 256 ინფექციონისტი გვყავს და შეგვიძლია მოვუაროთ მხოლოდ 853 ინფექციურ პაციენტს. ამჟამად 306 ადამიანს აქვს საქართველოში კორონავირუსული ინფექცია და “მორწმუნე მრევლსაც” ჯერ არ უფეთქია ბიოლოგიური იარაღივით. არც აღდგომა ყოფილა ჯერ და არც საფლავებზე გაუგორებიათ წითელი კვერცხი.

მორწმუნე ინფექციონისტებმა საკუთარ პროფესიას ბარაბა ამჯობინეს და მხოლოდ წაილუღლუღეს საერთო კოვზით ზიარება არაა კარგი პრაქტიკაო. ამათზე მერე… სიმართლე შიდსის ცენტრზე მოსაყოლია.

სიჩუმე = სიკვდილს

დაეტიეთ სახლებში!

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

gabo_ge

ქვიარ და აივ/შიდსის აქტივისტი

მსგავსი პოსტები

კომენტარი:

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ავტორის შესახებ

გოჩა გაბოძე

გოჩა გაბოძე

ქვიარ და შიდსის აქტივისტი

გამოიწერე

გოჩა გაბოძის სოციალური მედია

Instagram

Facebook

გამოიწერე ბლოგი

მიუთითეთ ელექტრონილი ფოსტის მისამართი. მიიღეთ ბლოგის სიახლეები.

Join 4 other subscribers

არქივი

დაბლოკილი სპამი