სიცოცხლე აივ/შიდსის შემდეგ – დიაგნოზი აივ დადებითი


ყოველთვის მიჭირდა  ერთი წვეთი სისხლის გაღება აივზე ტესტირებისთვის, არა იმდენად ჩხვლეტის შიშის  რამდენადაც პასუხის

გაგების შიშის გამო, რომელიც სასიკვდილო განაჩენად მიმაჩნდა. სიბრალული კი ერთადერთი გრძნობა იყო რაც აქამდე ამ დიაგნოზის მატარებელი ადამიანების მიმართ მიჩნდებოდა. თითქოს ყველა წესს ვიცავდი, დაუცვლელი ურთიერთობები უიშვიათეს გამონაკლისს წარმოადგენდა. ერთხელ ტესტირებაც გავიკეთე. ტრენინგებიც გამივლია აივ/შიდსის და სექსუალური გზით გადამდები ინფექციების თემაზე. ზეპირად მახსოვს მესიჯები რასაც ამ ტრენინგებზე გვასწავლიდნენ. შიდსი მეგობრობით არ გადადის, 5 ლიტრი ნერწყვის გაცვლაა საჭირო იმისათვის რომ ადამიანი დაინფიცირდეს. შიდსი კოღოს ნაკბენით არ გადადის. კიდევ რიცხვები, გაუგებარი რიცხვები, თითქოს არაფრისმთქმელიც, თითოეული ამ რიცხვის უკან ხომ ადამიანები უნდა იდგნენ, მე კი აქამდე არც ერთი მათგანის ისტორია არ მსმენია. სტიგმა და სირცხვილის შეგრძნება საკუთარი დიაგნოზის გამო, ალბათ რა რთულია.

შიშმა ამიტანა ინტერნეტში ანონიმი ბლოგერის პოსტი წავიკითხე – “ნეგატიური სიახლე მე აივ დადებითი ვარ” შემეცოდა ავტორი და პირველი რაც ვიფიქრე იყო – იმედია მე არა, მე ეს არასდროს დამემართება. სიმპტომების შესახებაც მსმენოდა: ენაზე ნადები, ჯირკვლების გადიდება, ოფლიანობა. შევამოწმე სარკეში საკუთარი ენა, შემდეგ ჯირკვლები, მორიგ ტესტირებაზე წასვლა გადავწყვიტე.

ტესტირების წინ მარტივ კითხვარს მავსებინებენ. რამდენად ხშირად გაქვთ დაუცველი სექსუალური ურთიერთობა. აგიღიათ თუ არა ფული სექსუალური ურთიერთობისას, უფრო კი თუ უფრო არა. გაგიკეთებიათ თუ არა აცრა უახლოები 6 თვის განმავლობაში.  მამშვიდებენ ძალიან დაბალი ალბათური მაჩვენებელი გაქვს რისკ ქცევისო. უკვე ორი ტესტი გამიკეთეს, ცდომილება შესაძლებელია იყოს, აქაც პროცენტულ მონაცემებს იშველიებენ. მესამე ტესტზე უკვე თავად ვუყურებ როგორ იღებს მეორე ხაზიც მუქ ფერს, ეს კი იმას ნამდვილად არ ნიშნავს რომ ორსულად ვარ. ალბათობა ჩემთვის  საძულველი მეცნიერება ხდება.

შიდსის ცენტრში გადამამისამართეს ლაბორატორიული ანალიზისთვის. პირველ შთაბეჭდილებას ცენტრზე  ხატების უშველებელი კუთხე და გარდაცვლილებისთვის ანთებული კანდელი მიქმნის. “ცოდვილთა” მოსაქცევად იდეალური ადგილი შეურჩევიათ, გარდაცვლილთა სულებზეც ზრუნავენ, სიცოცხლეში ხომ მედიცინა უძლური აღმოჩნდა მათ დასახმარებლად. რიგში ყველა თავჩაღუნული დგას, ერთადერთი რასაც ვნატრობ ვინმე ნაცნობი არ შემხვდეს. ალბათ ესენიც. პასუხისთვის თითქოს უკვე მზად ვარ, ტესტზე ხომ ორი ხაზი გამოჩნდა, ტესტი კი ორსულობის არ იყო. ლაბორატორიული ანალიზისთვის ერთ წვეთზე მეტი სისხლის გაღება დამჭირდა.

ყველაზე მძიმე  ის ორი კვირა იყო როდესაც ანალიზების პასუხს ველოდებოდი. უფასო ფსიქოლოგის მხარდაჭერა მოვითხოვე, ერთი თვის მერე დამიბარეს. აქაც მარტო დავრჩი ჩემს პოტენციურ დიაგნოზთან შესაგუებლად, მეგობრების  იმედად.

პირველი ემოცია ბრაზი იყო. ბრაზი იმაზე რომ ჰომოფობიის, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის და სახელმწიფო პრევენციული ღონისძიებების არ არსებობის ფონზე მეც მორიგ სტატისტიკურ ერთეულად ვიქეცი, მორიგ რიცხვად რომელსაც საკუთარი დიაგნოზის გამო უნდა სცხვენოდეს. თავჩაღუნული იდგეს რიგში და ნატრობდეს რომ ვინმე ნაცნობმა არ შეამჩნიოს, იქნებ დიაგნოზი მაინც არ “გაუბაზრდეს”. დიაგნოზი რომელიც კეთროვანის სტატუსს ნიშნავს უამრავი ადამიანის ცნობიერებაში. პასუხისთვის თითქოს მზად ვიყავი, ინტერნეტში უამრავი სტატია წავიკითხე რომლებმაც კიდევ უფრო ამირიეს თავგზა. ზოგან ავისმომასწავლებელი რიცხვები იყო აივ/შიდსის მქონე ადამიანთა ხანმოკლე სიცოცხლის შესახებ, ზოგან უფრო დამაიმედებელი მონაცემები.  ამ სამედიცინო ენით დაწერილ მასალებს ხომ ვერაფერს გაუგებ.

თქვენი პასუხი დადებითია, ღიმილით მითხრა ახალგაზრდა ქალმა, შემდეგ რა მითხრა არ მახსოვს, შემდეგ ტელეფონზე საუბრობდა დიდხანს. შემდეგ ამიხსნა რომ წამლების მიღება უნდა დამეწყო, რომელსაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში გლობალური ფონდის დამსახურებით უფასოდ მივიღებდი. უნდა დამეცვა ჯანსაღი ცხოვრების წესი და არ დამერღვია მკურნალობის პროცესი.  შემდეგ გავიცანი ადამიანები რომლებსაც ეს დიაგნოზი ათეულობით წელია  აქვთ, მუშაობენ, გააჩინეს ჯანმრთელი შვილები, მაგრამ სტიგმის გამო ხშირად მათმა ოჯახის წევრებმაც კი არ იციან მათი დიაგნოზის შესახებ.

ამ დღიდან თითქმის ოთხი წელი გავიდა, მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში აივ ვირუსი სისხლში გამინულდა, რაც იმას ნიშნავს რომ მხოლოდ ვირუსმატარებლად ვრჩები და ალბათური მონაცემები ჩემს მიერ სხვა ადამიანის დაინფიცირების მინიმალურია. ალბათობასაც ქონია დადებითი მხარეები. ყოველდღიურად ვიღებ სამ აბ წამალს, რომელიც ჩემს ყოველდღიურობას არ ცვლის, არ მიქმნის განსაკუთრებულ დისკომფორტს და მიცავს შევინარჩუნო ჯანმრთელობა.

ოთხი წელია რაც საკუთარი დიაგნოზი ვიცი და მხოლოდ ახლა შევძელი ღიად დამეწყო იმ სტიგმაზე საუბარი რომელიც ყოველდღიურად ცხოვრებას ურთულებს ათასობით აივ დადებით ადამიანს საქართველოში.  დღეის მდგომარეობით აივ/შიდსი მართვადი ქრონიკული დაავადებაა ისეთივე როგორც დიაბეტი. ადამიანი რომელიც იღებს მკურნალობას არ არის ვირუსის გამავრცელებელი. ის საზოგადოების სრულუფლებიანი წევრია. საკუთარი სტერეოტიპების გამო ნუ შეუშლით მათ მკურნალობაში ხელს.

დიაგნოზი აივ დადებითი სიცოცხლის დასასრული არაა, ის ცხოვრების ახალი ნაწილია აივ დადებითი ადამიანებისთვის.

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

gabo_ge

პიარის გურუ ✔ სოციალური მედიის მამა ✔ მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

მსგავსი პოსტები

კომენტარი:

ავტორის შესახებ

გოჩა გაბოძე

გოჩა გაბოძე

პიარის მამა, სოციალური მედიის გურუ , მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

Twitter


FBpage

Linked In

Instagram

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებად როდის აღიარებენ საბჭოთა საქართველოდან შემორჩენილ ამ ტელეფონის აპარატის ნარჩენებს🧐
#borisbrejcha at #tbilisi #freedommusikfest
თბილისის მეტრო ქალაქში გადაადგილების სწრაფი საშუალებაა. მეტროში საცობები არაა. #იმგზავრემეტროთი
დიდ მხატვარს კარგავს მსოფლიო ჩემი სახით
#doodle #fabrika #csrdggeorgia
#Tbilisi
#ART #sunset #georgia

ბაბალე

ბაბალე

თანასწორობის მოძრაობა

თანასწორობის მოძრაობა

არქივი